logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ყველაფერი, სამწუხაროდ უკვე თითქმის გადაწყვეტილია!"

19 ივლ 202321:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/19/2tqb9fc96mbfb5k.png

“საქმე გვაქვს ძალიან დიდ ღალატთან!!! მმართველი გუნდის ყველაზე გავლენიანი რგოლები მოღალატეებს და უცხო ქვეყნის აგენტურას წარმოადგენენ, რომლებიც გარიგებულები არიან დასავლელ ლობისტებთან. ყველაფერი სამწუხაროდ უკვე თითქმის გადაწყვეტილია! ისინი ულტიმატუმის წესით მოითხოვენ პრემიერის გადადგომას და ბიძინა ივანიშვილს, სხვა გამოსავალი არ დარჩება! ქვეყნის გადარჩენის სადავეები, უკვე არც მას და არც პრემიერს არ ექნებათ და ქართველ ხალხს, მოუწევს არამარტო ქუჩაში გამოსვლა, არამედ ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირება!” - ეს სიტყვები ალტ-ინფოელ კოკა მორგოშიას ეკუთვნის, რომელიც გასაწირად გამზადებულ ივანიშვილი-ღარიბაშვილის ტანდემზე დარდობს და საქართველოში დიდი სამოქალაქო დაპირისპირებით იმუქრება. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, თუ რაღა მაინცდამაინც აქ და ახლა გადაწყვიტა რუსული პროექტის ლიდერმა ამ საკითხზე ღიად საუბარი და "მარტოდ მყოფი" ღარიბაშვილის გამოსარჩლება?!

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ რასაც მორგოშია ამბობს, გარკვეული თვალსაზრისით სიმართლეა. ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი ალტ-ინფოსა და მსგავსი ექსტრემისტული დაჯგუფებების ანტიკონსტიტუციური და ძალადობრივი მოქმედებები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში დაუსჯელი რჩება, ქვეყანაში ხელისუფლების ჩანაცვლების ილუზიას ქმნის, რაც ელექტორალური თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა თავად ოცნებისთვისაა. ასეთი ჯგუფების მიმართ სიმპათიების მქონე ადამიანებს ივანიშვილი საკუთარ საამომრჩევლო კალათაში მოიაზრებს და სხვისთვის არ ემეტება. 2024 წლის არჩევნებისთვის კი, რომელიც სრულად პროპორციული წესით ტარდება, თითოეულ პროცენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ამიტომ, ალტ-ინფოსა და მსგავს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს ივანიშვილი მხოლოდ ტაქტიკურ და არა სტრატეგიულ მოკავშირეებად განიხილავს.

მეორეც - არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მზარდი უკმაყოფილება, რომელიც ანტიკონსტიტუციური, ანტიდასავლური, ძალადობრივი ჯგუფების გავლენების ზრდის გამო საქართველოს სახელმწიფო ბიუროკრატიაში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში შეიმჩნევა. არამარტო რიგითი პოლიციელები და ოფიცრები - სხვადასხვა დონის საჯარო მოხელეები და  სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სამინისტროების თანამშრომლები, რომელთაც ქვეყნის  დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის და რუსეთის წინააღმდეგ მედეგობის გასაძლიერებლად  წლები დაუხარჯავთ და უდიდესი ძალისხმევა გაუღიათ, მშვიდად ვერ უყურებენ იმ სამარცხვინო დეგრადაციის პროცესს, რომელსაც  სახელმწიფო მმართველობითი სისტემა განიცდის: როდესაც მორგოშიები ,,თავზე ასხდებიან” არამარტო პოლიციას, მთელს სახელმწიფოს და როდესაც ქვეყანაში, ჩნდება განცდა იმისა, რომ ნამდვილ მთავრობას სწორედ ექსტრემისტი მოძალადეები და არა კონსტიტუციური ორგანოები წარმოადგნენ.   

ეს მზარდი უკმაყოფილება სრულ თანხვედრაში მოდის დასავლეთისგან წამოსულ მკაფიო და მკაცრ ტონთანაც. ამდენად, ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკური ტრაექტორიის  შესაცვლელად საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უკიდურესად გაიზრდება, სრულიად ბუნებრივი და  მოსალოდნელია. რაც ასევე აჩენს განცდას, რომ ივანიშვილი იძულებული გახდება დროებით, თუნდაც 2024 წლამდე, როგორც დასავლეთის, ასევე ადგილობრივი  სახელმწიფო ბიუროკრატიის დასამშვიდებლად გარკვეული მსხვერპლი გაიღოს, ,,ბუდიდან ერთი ბარტყი გადააგდოს”. ეს მსხვერპლი კი, შესაძლოა ალტ-ინფოს ადგილობრივი მფარველი და იდეოლოგიური ტყუპისცალი - პრემიერი ღარიბაშვილი აღმოჩნდეს, რადგან ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ როგორც 5 ივლისის "პოგრომის”, ასევე ბოლო დროინდელი ძალადობრივი მოვლენებისთვის მწვანე შუქის ამნთები სწორედაც რომ პრემიერმინისტრია. ამას ემატება ევროპარლამენტიდან მომავალი უმკაცრესი გზავნილები, სადაც საქართველოს მთავრობას ,,პოლიტიკურ ბანდად” მოიხსენიებენ. რაც, იმის მანიშნებელია რომ მხოლოდ ღარიბაშვილის მოხსნა საკმარისი მსხვერპლი ვერ იქნება. აუცილებელი გახდება ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც თუნდაც დროებით ილუზიას გაუჩენს დასავლეთსა და ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ბიუროკრატიის და ქართული ოცნების პროდასავლურად განწყობილ იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში მზარდი რუსული გავლენებით საფუძვლიანადაა შეშფოთებული.

ამდენად, მორგოშიას ეს განცხადება ერთგვარი სიგნალია რუსული და ეთნორელიგიური ფუნდამენტალისტური ძალებისთვის, რომლებიც როგორც ჩანს საფრთხეს უკვე არამარტო გრძნობენ, არამედ ფლობენ კიდეც გარკვეულ ინფორმაციას, რომ ივანიშვილი თავის გადასარჩენად ან ტაქტიკური თვალსაზრისით დროის მოსაგებად, მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების გაწირვას გეგმავს. საქართველოში რუსული პროექტის მმართველის განგაში კი იმისთვისაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებზე, მათი და ქართული ოცნების რადიკალი მხარდამჭერების მიერ დასავლური ზეწოლის საპირწონე წნეხი შეიქმნას, მოვლენების იმგვარი განვითარების პრევენციისთვის, რაზეც  მორგოშია ასე გულახდილად საუბრობს და ასევე "გულახდილად” სამოქალაქო დაპირისპირებით იმუქრება.


close დახურვა